მიგრაციული ნაკადების რეგულირების მექანიზმები და მიგრანტთა ევროკავშირის ქვეყნებში ადაპტაციის პოლიტიკა
Main Article Content
ანოტაცია
ლტოლვილების კრიზისმა ევროკავშირის შიგნით უამრავი ახალი პრობლემა წამოჭრა, რომელმაც სერიოზული პოლიტიკური რყევები გამოიწვია. ევროკავშირმა უარი არ თქვა იმ პრინციპებზე, რომლებიც ამ ორგანიზაციისთვის ინსპირაციის წყაროა, რასაც შედეგად მოჰყვა მიგრაციული კრიზისი, რომელმაც წაახალისა უმუშევრობა და კრიმინალი და წარმოშვა უამრავი პოლიტიკური, კულტურული და სოციალ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემები. საზოგადოების კონკრეტული სეგმენტების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ფორმალური განათლების დაბალი დონე და დემოგრაფიული ფაქტორები გაერთიანდა მეინსტრიმული პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებაში და ითარგმნა ალტერნატიული პოპულისტური ნარატივის მხარდაჭერაში. ამასთან, აქტუალური გახდა მასპინძელი ქვეყნების რელიგიური იდენტობის დაბინდვის საფრთხე, რომელსაც ღიად აცხადებენ ცენტრალური ევროპის ის მთავრობები, რომლებიც ეწინააღმდეგება თავშესაფრის მაძიებელთა გადანაწილებას.
უნდა აღინიშნოს, რომ მიგრანტებისა და ლტოლვილების შემცირების გათვალისწინებითაც კი, შემოსული მიგრაციის ნაკადით უკვე არის გამოწვეული სერიოზული პოლიტიკური და სოციალური შედეგები. ისინიც კი, რომლებმაც მიიღეს ლტოლვილის სტატუსი, იქცნენ „ეკონომიკურ ტვირთად“ მასპინძელი ქვეყნებისთვის, რადგან მათ არ გააჩნიათ შესაბამისი განათლება, საჭირო უნარები ან მშრომელთა რიგებში გაწევრიანების სურვილი. მიგრანტებისთვის მიმზიდველად რჩება ცხოვრების მაღალი დონე, თავშესაფრისა და სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა, რბილი მიგრაციის პოლიტიკა და მასპინძელი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა. ეს ფაქტორები, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მიგრაციული ნაკადების გააქტიურებას, მეორე მხრივ კი, ძირს უთხრის პანევროპულ ერთობას და ზრდის დისტანციას ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.