დასავლეთის და რუსეთის განსხვავებული მიდგომა „რბილი ძალის“ მიმართ
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე სტატიაში განხილულია დასავლური სამყაროსა და რუსეთის განსხვავე-ბული მიდგომები „რბილი ძალის“ მიმართ. ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა ჯოზეფ ნაიმ, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მსოფლიოს გააცნო ახალი ტერმინი „რბილი ძალა“. მისი განმარტებით ეს არის სახელმწიფოს უნარი, „ხისტი ძალის“ გამოყენების გარეშე, დადებითი განწყობებისა და დამოკიდებულებების შექმნით, ზეგავლენა მოახდინოს საერთაშორისო სისტემის სხვა აქტორებზე. ფაქტიურად ის წარმოადგენს კულტურულ ძალას, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოები ახორციელებენ საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზებას. იგი ეფუძნება სამ ძირითად ელემენტს, როგორიცაა: კულტურა, პოლიტიკური ღირებულებები და საგარეო პოლიტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს რბილ ძალას, როგორც კულტურაზე დაფუძნებულ ზემოქმედების საშუალებას, არის მისი გამოყენების ნებაყოფლობითი ხასიათი და ლიბერალური პრინციპების პატივისცემა. ანუ მისი რეალიზაცია მხარეთა სურვილის საფუძველზე ხორციელდება და არა ძალადობრივი და თავს მოხვეული მეთოდებით.
მაშინ, როდესაც ჯ. ნაი „რბილი ძალის“ ტერმინს ამკვიდრებდა, საბჭოთა კავშირი თავისი არსებობის უკანასკნელ წლებს ითვლიდა. სოციალისტური ბანაკის დაშლამ და მსოფლიო არენაზე ახალი საერთაშორისო აქტორების გამოჩენამ ხელსაყრელი ნიადაგი შექმნა დასავლური „რბილი ძალის“ გამოყენებისთვის. მისი ძალისხმევით განხორციელდა ყოფილი სოციალისტური ბანაკის ევროპული სახელმწიფოების ძირითადი ნაწილის „ვესტერნიზაცია“ (დასავლური ფასეულობების და კულტურის გავრცელება).
აღნიშნული გარემოება ყოვლად მიუღებელი იყო რუსეთის მმართველი ელიტისთვის. პრეზიდენტმა ვ. პუტინმა მიზნად დაისახა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე ზეგავლენის დაბრუნება, რისთვისაც საჭირო გახდა გარკვეული ცვლილებების შეტანა საგარეო პოლიტიკაში. 2007 წელს რუსეთის ოფიციალურ დოკუმენტებში პირველად გამოჩნდა ტერმინი „რბილი ძალა“. აღნიშნული მექანიზმი შექმნილი იყო როგორც მეზობელ სახელმწიფოებზე ზემოქმედების საშუალება.
მიუხედავად ანალოგიური ტერმინის დამკვიდრებისა, მისი შინაარსი მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლური „რბილი ძალისგან“. ფაქტიურად რუსეთის მმართველმა წრეებმა შეიმუშავეს დასავლური მოდელის საწინააღმდეგო მექანიზმი. პირველ რიგში მისი დანიშნულებაა მოახდინოს ლიბერალიზმის დემონიზაცია და მის მეზობელ სახელმწიფოებში ნეგატიური განწყობების შექმნა დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ. მისი მეორე ამოცანაა წარმოაჩინოს რუსეთი, როგორც ტრადიციების, ეროვნული იდენტობის და მართლმადიდებლობის ერთადერთი დამცველი მსოფლიოში. მის შემუშავებაში დიდი როლი ითამაშა რუსი მეცნიერის ალექსანდრე დუგინის იდეოლოგიურმა მოდელმა „ნეოევრაზიანიზმის“ (რამოდენიმე კონცეფციით გაერთიანებული იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ალექსანდრე დუგინის ნაშრომებს) შესახებ. ის დაფუძნებულია კონსერვატიულ ღირებულებებზე და ეწინააღმდეგება ანგლო-საქსურ ცივილიზაციას, კერძოდ, ევროპა-აშშ-კანადის კავშირს. ა. დუგინი აცხადებს, რომ აღნიშნული ქვეყნები წარმოადგენენ საზღვაო სახელმწიფოებს, რომელთა ძირითად ღირებულებას წარმოადგენს თავისუფლება, ინდივიდუალიზმი და საბაზრო ეკონომიკა, ხოლო იდეოლოგიური კუთხით ისინი ემხრობიან ულტრა ლიბერალიზმის გლობალიზაციას. ნეოევრაზიანიზმის მიხედვით კი, ევრაზია თავისი არსით მოიცავს სახმელეთო სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი კონტინენტალიზმის კონსერვატიულ ფილოსოფიას, რომ-ლის ძირითად ფასეულობებში ტრადიციონალიზმი და რელიგია შედის.
ამგვარად, რუსეთსა და დასავლურ სამყაროს განსხვავებული მიდგომები გააჩნიათ „რბილი ძალის“ მიმართ. დასავლური მოდელი მიზნად ისახავს საკუთარი ინტერესების შესაბამისად, მიმზიდველობის საფუძველზე, ურთიერთმომგებიანი პოლიტიკის გატარებას. რუსეთის შემთხვევაში, „რბილი ძალის“ განსაზღვრებაში შესაძლებელია მოვაქციოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ხისტი ძალის (სამხედრო კომპონენტი) განმარტებაში არ ჯდება. ამავდროულად ის მიზნად ისახავს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას, რისთვისაც ახდენს მისი დაინტერესების ქვეშ მყოფი სახელმწიფოს დარწმუნებას პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული ან ანტისისტემური ძალების მხარდაჭერით. შესაბამისად, აღნიშნულ მიდგომას „რბილი ძალის“ ამოსავალ გაგებასთან საერთო არაფერი აქვს.