დაბალანსების პოლიტკის აუცილებლობა, ბუფერული სახელმწიფოს შემთხვევაში
Main Article Content
ანოტაცია
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, რომლებიც ადრე გაერთიანებულნი იყვნენ რუსეთის ირგვლივ, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ისტორიული შანსი მიიღეს. მათმა ხელმძღვანელობამ მოიპოვა სრული ძალაუფლება საკუთარი სახელმწიფო მშენებლობისთვის, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის სუვერენული განვითარებისთვის. ამ ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი შიდა ამოცანა (დღესაც აქტუალურია) იყო ეროვნული იდენტობის ძიება, რომელიც მოსახლეობა დამოუკიდებლობის იდეის გარშემო უნდა გაეერთიანებინა. კიდევ ერთი გამოწვევა სტაბილური სუვერენული სახელმწიფოს შესაქმნელად, როდესაც ამ ქვეყნებმა გეზი ღია საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიისაკენ აიღეს, ეფექტური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზების ძიება იყო.
საგარეო პოლიტიკაში თვითიდენტიფიკაციის აუცილებლობამ წამოჭრა რეგიონული პოზიციონირების საკითხი – და, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, საქართველოც დადგა რუსეთის (საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე) ეკონომიკურად ძლიერ და მზარდ პოლიტიკურ გავლენასა და სხვა რეგიონალურ ცენტრებს შორის (აშშ, ევროკავშირი, თურქეთი, ჩინეთი...), რომლებიც ასევე ცდილობდნენ ფეხის მოკიდებას რეგიონში და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეგიონალურ პოლიტიკაში სულ უფრო მეტად იჩინა თავი არასტაბილურობის, ოპორტუნიზმის და სტრატეგიული დაგეგმვის არარსებობის ელემენტებმა. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნებს დღემდე უწევთ დაბალანსებისა და მიტმასნების პოლიტიკებს შორის არჩევანის გაკეთება.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაბალანსება და მიტმასნება პირობითია და კონკრეტული სიტუაციებიდან გამომდინარე ენაცვლებიან ერთმანეთს. ჩვენი ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში გამოყენებულ უნდა იქნას დაბალანსების პოლიტიკა ძალთა ცენტრებს შორის. საქართველოს არ გამოადგება მიტმასნება არც რუსეთთან, არც თურქეთთან და არც დასავლეთთან. სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობს რომელიმე ძალთა ცენტრის მხარეს უფრო ადვილად იქნება ჩათრეული კონფლიქტში, იმ სახელმწიფოსგან განსხვავებით, რომელიც იყენებს საგარეო დაბალანსების პოლიტიკას ძალთა ცენტრებს (ორი ან მეტი) შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ფაქტიურად დაბალანსების პოლიტიკა ნეიტრალიტეტის დაკავებას უთანაბრდება, რაც საქართველოსთვის დღესდღეობით ყველაზე მისაღები უნდა იყოს ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ, დღეს საქართველო პრორუსულ და პროდასავლურ ბანაკად არის გაყოფი-ლი. საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება დამატებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, ვინაიდან რომელიმე სამხედრო ან პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირში გაერთიანება ნიშნავს იმ კავშირის წესების შესრულებას, რაც შეიძლება ქვეყნის ინტერესებში არ შედიოდეს, და გამოდის რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ნაწილობრივ კავშირის მოთხოვნებზე ხდება დამოკიდებული. ამ საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველო უნდა იყენებდეს დაბალანსების პოლიტიკას და გახდეს ნეიტრალური და სამხედრო თვალსაზრისით მიუმხრობელი სახელმწიფო, რაც, ჩვენი აზრით, დღევანდელ რეალობაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.