საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირების გლობალური მექანიზმების თეორიულ-მეთოდოლოგიური და ისტორიული ჩარჩო
Main Article Content
ანოტაცია
საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირების მცდელობები იწყება ვესტფალის სისტემის ჩამოყალიბებით, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებაში, ფაქტობრივად, ახალ ერას დაუდო საფუძველი და თითქმის პირველი მსოფლიო ომის დასასრულამდე გასტანა. ეს ევროპული სისტემა წარმოადგენდა ევროპული მმართველობის ჩარჩოს. ეს იყო გზა გარკვეული სოციალური წესრიგის დამყარების, გაძლიერებისა და თვალყურის დევნისათვის. მის საფუძველს წარმოადგენდა სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის პრინციპი.
სახელმწიფოებრიობა ნიშნავდა, რომ მსოფლიო დაყოფილი იყო ტერიტორიულ ნაწილებად, რომელთაგან თითოეულს მართავდა დამოუკიდებელი ხელისუფლება. ეს მოდერნისტული სახელმწიფო იყო ცენტრალიზებული, ფორმალურად ორგანიზებული საზოგადოებრივი სახელისუფლო აპარატი, რომელიც იყენებდა ლეგალურ მონოპოლიას შეიარაღებული ძალადობის ფორმით თავისი იურისდიქციის საზღვრებში. იმ პერიოდის მსოფლიო პოლიტიკის მთავარ აქტორთა მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ აღარ მომხდარიყო პირველი მსოფლიო ომის მსგავსი ანუ ფრო მძიმე ტრაგიკული ომი. ამისათვის გადაწყდა ყველა იმ მიზეზის შესწავლა, რამაც კონფლიქტის დაწყება გამოიწვია, რომლის შედეგადაც რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა.
დადგინდა, რომ სახელმწიფოები აქტიურად აწარმოებდნენ საიდუმლო დიპლომატიას, შეჯიბრს შეიარაღებაში, სამხედრო ნაციონალიზმს და სახელმწიფოები მოკავშირეებს მხოლოდ პირადი სარგებლის მიღების მიზნით არჩევდნენ. სამომავლოდ კონფლიქტების არიდების მიზნით გადაწყდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა შექმნილიყო, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა და წაახალისებდა ღია დიპლომატიას, მოახდენდა განიარაღებას, წაახალისებდა კოლექტიურ უსაფრთხოებად შესაძლო ნეგატიური შედეგების გაზრდით ქვეყნებს სამომავლოდ კონფლიქტის დაწყების სურვილს შეუმცირებდა.