საგამომცემლო ეთიკა
საგამომცემლო საქმეში ჩართული ყველა სუბიექტისათვის აუცილებელია ეთიკურ ნორმებზე შეთანხმება. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“ აღიარებს და პატივს სცემს ეთიკის წესებს. საგამომცემლო ეთიკის კოდექსი სრულად იზიარებს გამოცემების ეთიკის კომიტეტის (COPE - Committee on Publication Ethics) საგამომცემლო პრინციპებსა და პრაქტიკას და ეფუძნება საგამომცემლო ეთიკის კომიტეტის საუკეთესო პრაქტიკულ პრინციპებს. https://publicationethics.org/).
ზოგადი
- აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს ჟურნალის „საისტორიო ვერტიკალები “ გამომცემლის, სარედაქციო კოლეგიის, რეცენზენტისა და ავტორის ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს.
- საგამომცემლო ეთიკის კოდექსის მიზანია, ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჟურნალმა „საისტორიო ვერტიკალები“ საზოგადოებაში დაამკვიდროს ნდობა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო გამოცემების მიმართ.
- კოდექსი შექმნილია სამართლიანობის, ობიექტურობის, კონფიდენციალობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.
- აღნიშნული კოდექსი ვითარდება და იხვეწება თანამედროვეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე; მიმდინარეობს ეთიკური თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და განხორციელება.
სარედაქციო კოლეგიის მოვალეობები
კეთილსინდისიერება - სარედაქციო კოლეგიამ თავისი საქმიანობა უნდა შეასრულოს პატიოსნად და კეთილსინდისიერად, რაც წარმოშობს მომხმარებლის ნდობას და წარმოადგენს ჟურნალის მთავარ ღირებულებას;
სამართლიანობა - სარედაქციო კოლეგია გამოქვეყნების საკითხს წყვეტს ნაშრომის სამეცნიერო და ინტელექტუალური ღირებულების გათვალისწინებით და არა ავტორის თანამდებობის, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური წარმოშობის, მოქალაქეობის და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით;
საგამომცემლო გადაწყვეტილებები - სარედაქციო კოლეგია ავტორს უგზავნის რეცენზენტის კომენტარებს და შენიშვნებს, რეცენზენტის ვინაობის გამჟღავნების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია წარმოადგენს ჩამოყალიბებულ და არგუმენტირებულ მტკიცებულებებს ნაშრომის შინაარსთან და მის სამეცნიერო ღირებულებებთან დაკავშირებით;
კონფიდენციალურობა - სარედაქციო კოლეგიამ უნდა უზრუნველყოს კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა სტატიასა და იმ კომუნიკაციაზე, რაც მასსა და ავტორს შორის მიმდინარეობს. შესაძლებელია მხოლოდ გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების გასაჯაროება;
ავტორების ტელეფონები და ელექტრონული ფოსტის მისამართები გამოყენებული იქნება მხოლოდ ჟურნალის მიზნებისათვის და არა სხვა მიზნებით, ან სხვა მხარის მიერ;
ინტერესთა კონფლიქტი - სარედაქციო კოლეგიის წევრსა და ავტორს შორის ინტერესთა კონფლიქტის (შესაძლო) არსებობის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო;
თუ მთავარი რედაქტორი არის სტატიის ავტორი/თანაავტორი, იგი არ შეიძლება ჩაერთოს ამ სტატიის განხილვის პროცესში. ასეთ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა გადაეცემა სარედაქციო კოლეგიის მიერ შერჩეულ სხვა რომელიმე წევრს.
რეცენზენტის მოვალეობები
- რეცენზენტი სტატიის შეფასებისას მკაფიოდ ასაბუთებს თავის პოზიციას და დამოუკიდებელია ყოველგვარი გავლენისაგან ან ზეწოლისაგან. იგი აფასებს ყველა მნიშვნელოვან დეტალს და არ ექცევა საკუთარი ან სხვა პირების ინტერესთა გავლენის ქვეშ;
- შეფასება უნდა ემყარებოდეს ობიექტურობის პრინციპს, დაუშვებელია ავტორის მიმართ პერსონალური კრიტიკა. პოზიცია ნაშრომთან დაკავშირებით გამოხატული უნდა იქნეს მხოლოდ არგუმენტების საფუძველზე;
- რეცენზია უნდა ჰგავდეს შემოქმედებით დიალოგს ავტორთან, სადაც ორივე მხარე თანასწორუფლებიანია;
- რეცენზიაში გადმოცემული საკითხი შესაძლებელია საკამათოც იყოს, თუმცა ეს არ ართმევს რეცენზენტს უფლებას, გადმოსცეს თავისი აზრი, რომელიც განმტკიცებული უნდა იყოს სათანადო არგუმენტებით და უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი ტექსტის ძირითად და არსებით ეპიზოდებსა და საკვანძო მომენტებს;
- რეცენზენტს მოეთხოვება დაიცვას ეთიკის ნორმები და უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაშიც კი, კეთილგანწყობა შეინარჩუნოს;
- შეფასებების გამოყენებას მისაღებია ემოციისაგან დაცლილი ლექსიკა, ნაცვლად სიტყვებისა: არაჩვეულებრივია, უნიკალურია, განსაკუთრებულია, საშინელებაა, უაზროა, აღმაშფოთებელია და ა. შ.;
- რეცენზენტმა თავი უნდა აარიდოს საკუთრი პერსონის დემონსტრირებას და ორიენტირებული უნდა იყოს განსახილველი ტექსტის დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩვენებაზე;
- რეცენზენტმა სტატიის შეფასებისას მიღებული ინფორმაციის გამოყენებისას უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა, არ უნდა გამოიყენოს გამოუქვეყნებელი სტატიიდან მიღებული ინფორმაცია რაიმე ფორმით, პირადი მიზნებისათვის, ან იმგვარად, რაც წინააღმდეგობაში იქნება ავტორის ინტერესებთან ან ზარალს მიაყენებს ჟურნალის მიზნებსა და ამოცანებს;
- რეცენზენტი არ გადასცემს სტატიას სხვა შემფასებლებს მთავარი რედაქტორის ნებართვის გარეშე;
- რეცენზენტის ვინაობა იფარება იმ შემთხვევაშიც, როცა რეცენზია არის უარყოფითი ან სარეკომენდაციო ხასიათის;
- რეცენზენტმა უნდა აღნიშნოს ყველა მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ავტორს არა აქვს გამოყენებული. მან ასევე უნდა აწარმოოს დაკვირვება გამოყენებულ ციტირებაზე, რომელიც ავტორს არა აქვს სათანადოდ ციტირებული; ყურადღება უნდა მიაქციოს, არსებობს თუ არა რაიმე არსებითი გადაკვეთა მსგავს საკითხზე გამოქვეყნებულ სხვა მეცნიერთა ნაშრომებში.
- რეცენზენტი უარს ამბობს რეცენზიის გაკეთებაზე, თუ:
- მისთვის მისახვედრია ავტორის ვინაობა ტექსტში გამოყენებული ცნობილი ფრაზებითა და იდეებით;
- გამოგზავნილი ნაშრომი ძალიან უახლოვდება რეცენზენტის კვლევის თემას, რაც შეფასების მომენტში მის სუბიექტურობას განაპირობებს;
- არსებობს ინტერესთა კონფლიქტის სხვა რაიმე გარემოება (მიუთითებს რომელი).
- შეფასების პროცესში თუ რეცენზენტი აღმოაჩენს რაიმე შეუსაბამობას, როგორიცაა: პლაგიატი, მონაცემთა გაყალბება, ორმაგი გამოქვეყნება და ა.შ., იგი ამის შესახებ აცნობებს გამომცემელს;
- თუ რეცენზენტი ვერ ახერხებს ნაშრომის რეცენზირებას რედაქციის მიერ შეთავაზებულ ვადაში ან კვლევის საგანი აღემატება მის კომპეტენციას და თავს თვლის არაკვალიფიციურად, მან ამის შესახებ უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს ჟურნალის რედაქციას.
ავტორის მოვალეობები
- ავტორებს მოეთხოვებათ დაიცვან ეთიკის წესები, რაც გულისხმობს ავტორის/ავტორების სათანადო მითითებას, წყაროების სწორ გამოყენებას, ფალსიფიკაციის და ფაბრიკაციის გამორიცხვას, ნაშრომის შემუშავებაში მონაწილე პირთა სათანადო მითითებას, პერსონალური მონაცემების პატივისცემას და სხვა საკითხებს;
ავტორმა უნდა დაარწმუნოს სარედაქციო კოლეგია, რომ მისი ნაშრომი არის ორიგინალური კვლევის შედეგი.
- სხვა ავტორების იდეებისა და ციტატების გამოყენების შემთხვევაში, ნაშრომი უნდა იყოს შედგენილი „საისტორიო ვერტიკალები“ სავალდებულო ციტირების სტილის შესაბამისად.
- ავტორმა არ უნდა გადასცეს უკვე გამოქვეყნებული ნაშრომი სხვა ჟურნალს, ან სხვა გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომი არ უნდა გამოუგზავნოს „საისტორიო ვერტიკალები“-ს რედაქციას.
- პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინება ითვლება არაეთიკურ და არაკეთილსინდისიერ ქცევად, რომელიც ლახავს პიროვნების ღირსებას და ეწინააღმდეგება სამეცნიერო საზოგადოებაში დამკვიდრებული აკადემიური საქმიანობის პრინციპებს.
- გამოქვეყნებამდე აღმოჩენილი პლაგიატის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და რედაქცია მოსთხოვს განმარტების წარმოდგენას 5 დღის ვადაში.
- სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია, ავტორის განმარტების შემდგომ, განუსაზღვროს მას გონივრული ვადა, არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, შეცდომის გამოსასწორებლად.
- თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ან ავტორის განმარტება ვერ აბათილებს პლაგიატის არსებობას, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად.
- ასეთ შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია იტოვებს ამ ავტორის მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების „თავდაცვა და მეცნიერება“ გამოქვეყნებაზე საბოლოოდ უარის თქმის უფლებას, ან აუკრძალავს მას გამოქვეყნებას 3 წლამდე ვადით, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.
- თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე ან ავტორის განმარტება ვერ აბათილებს პლაგიატის არსებობას, აკადემიური საბჭო მსჯელობს ავტორის პასუხისმგებლობის შესახებ.
- სარედაქციო კოლეგია დადასტურებული პლაგიატის წარმომდგენ ავტორს აუკრძალავს ჟურნალში „საისტორიო ვერტიკალები“ სტატიის გამოქვეყნებას 3 წლამდე ვადით ან საბოლოოდ, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში რედაქცია იტოვებს უფლებას, ამოიღოს გამოქვეყნებული სტატია ჟურნალის ელექტრონული ვერსიიდან.
- შედარებითი მსუბუქი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება იყოს მკვლევარის გამოუცდელობა ან განმარტება გულწრფელ შეცდომაზე, ასევე თვითპლაგიატი და დაუდევრობითი პლაგიატი.
- ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით ეცნობება პლაგიატის ავტორს.
- ავტორს შეუძლია მის მიმართ გატარებული ღონისძიებების შესახებ მოითხოვოს დასაბუთებული წერილობითი პასუხი მთავარ რედაქტორისგან.
გამომცემლის მოვალეობები
- საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის„საისტორიო ვერტიკალები“ რედაქცია ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები ზემოთ აღნიშნული კოდექსის მიხედვით. ჟურნალმა უნდა უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა რედაქტირების პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ავტორსა და სარედაქციო კოლეგიის წევრს/წევრებს ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი, ავტორს ან/და კოლეგიის წევრს უფლება აქვს, განაცხადოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რაზედაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია;
- გამომცემელმა უნდა დაარწმუნოს ავტორი/მკითხველი, რომ „საისტორიო ვერტიკალები“ სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე არ ხდება რაიმე გარე ფაქტორების ჩარევა.
- გამომცემელი უზრუნველყოფს კომუნიკაციას ჟურნალსა და ავტორს შორის.
- გამომცემელი ახდენს მორიგების საუკეთესო შეთავაზებას საჩივრის შემთხვევაში.
- გამომცემელი ხელს უწყობს და ავითარებს ჟურნალის „საისტორიო ვერტიკალები“ საუკეთესო პრაქტიკას და ორიენტირებულია უზუსტობების გამოსწორებაზე და სიახლეების დანერგვაზე.
სხვა დებულებები
- ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ჟურნალის მთავარ რედაქტორს და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. განაცხადი უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დარღვევის შესახებ (ნაშრომის ავტორი, სათაური, დარღვევის ტიპი, დასაბუთება).
- მთავარი რედაქტორი ვალდებულია ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს გონივრულ ვადაში სარედაქციო კოლეგიასთან ერთად და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს. განაცხადის თაობაზე ეცნობება ავტორს/ავტორებს და ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი განმარტებები.
- იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა სავარაუდო ან დამტკიცებული მეცნიერული გადაცდომა, ან პლაგიატი, ავტორის/ავტორების განმარტებების შესწავლის შემდგომ, თუ სარედაქციო კოლეგია მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული ნაშრომი ეწინააღმდეგება ჟურნალის წესებს, სარედაქციო კოლეგია კოლეგიალური წესით იღებს გადაწყვეტილებას. უფრო სერიოზულ შემთხვევებში, შესაძლებელია მოახდინოს შესაბამისი ნომრიდან აღნიშნული სტატიის მთლიანად ამოღება.